ღია საზოგადოების ფონდები და ჯორჯ სოროსი

ღია საზოგადოების ფონდები და ჯორჯ სოროსი

Download Files

ღია საზოგადოების ფონდების დამაარსებელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილანთროპი—ჯორჯ სოროსია, რომელმაც 1984 წლიდან დღემდე ქველმოქმედებაზე საკუთარი ფინანსური შემოსავლებიდან $14 მილიარდი დოლარი დახარჯა.

ღია საზოგადოების ფონდები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხარს უჭერს პიროვნებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან სიტყვის თავისუფლების, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის, აგრეთვე თანასწორი და სამართლიანი საზოგადოების შესაქმნელად. მხარდაჭერა ხშირად მიმართულია მათზე, ვინც ევროპელი ბოშების მსგავსად, თავიანთი იდენტობის გამო განიცდიან დისკრიმინაციასა და სოციალურ გარიყულობას.

სოროსმა, რომელიც 1930 წელს უნგრეთში დაიბადა და ნაცისტური ოკუპაციის დროს მოუწია ცხოვრება, თავად გამოსცადა საზოგადოების მხრიდან მსგავსი შეუწყნარებლობა. ნაცისტურ ოკუპაციას უნგრეთში 500,000 უნგრელი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა. 1947 წელს, როცა ხელისუფლებაში კომუნისტები მოვიდნენ, სოროსმა დატოვა ბუდაპეშტი და ემიგრაციაში წავიდა, ჯერ ლონდონში, შემდეგ კი შეერთებულ შტატებში, სადაც მან დიდ წარმატებას მიაღწია ფინანსებისა და ინვესტიციების სამყაროში.

ქველმოქმედება სოროსმა 1979 წელს დაიწყო აპარტეიდის ქვეშ მყოფი შავკანიანი სამხრეთ აფრიკელების სწავლის დაფინანსებით. 1980-იან წლებში სოროსმა კომუნისტურ უნგრეთში დააარსა ფონდი, რომელიც ხელს უწყობდა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ კი იგი მხარს უჭერდა აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში დემოკრატიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას.

ცივი ომის დასრულების შემდეგ სოროსის ქველმოქმედებამ შეერთებული შტატები, აფრიკა და აზიაც მოიცვა. მისი მიზანი იყო ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ მიმართული ახალი ფართომასშტაბიანი ღონისძიებების მხარდაჭერა.

9 ფაქტი ღია საზოგადოების ფონდების შესახებ:

  1. ღია საზოგადოების ფონდებში დღეისათვის ოცდასამი ეროვნული და რეგიონული ფონდია, რომლებიც ადგილობრივი საბჭოების მიერ იმართება. საბჭოს წევრები ადგენენ ფონდის პრიორიტეტებს ადგილობრივი საჭიროებებიდან გამომდინარე და მეთვალყურეობას უწევენ ფონდის საქმიანობას.
  2. პირველი ფონდი დაარსდა 1984 წელს უნგრეთში, ხოლო რიგით ბოლო –მიანმარში 2016 წელს.
  3. ღია საზოგადოების ფონდები აფინანსებს პარტნიორი ორგანიზაციების მთლიანი ბიუჯეტის არაუმეტეს 33%-ისა, რათა უზრუნველყოს მათი ფინანსური მდგრადობა და ამავე დროს შენარჩუნდეს მათი ფინანსური დამოუკიდებლობაც.
  4. ბილ და მელინდა გეითსების ფონდის შემდეგ, ღია საზოგადოების ფონდები მეორე, ყველაზე დიდი კერძო საქველმოქმედო ფონდია. ქველმოქმედების ტრადიციას აშშ-ში საფუძველი ჩაუყარეს ისეთმა წარმატებულმა ბიზნესმენებმა, როგორიცაა ენდრიუ კარნეგი, როკფელერებისა და ფორდის ოჯახები.
  5. ღია საზოგადოების ფონდები ევროპაში ბოშა უმცირესობის მხარდამჭერი ყველაზე დიდი კერძო დამფინანსებელია.
  6. 1993 წლის დასაწყისში ყოფილ იუგოსლავიის ქვეყნებში მიმდინარე ომების, განსაკუთრებით კი სარაევოს ალყის დროს, ფონდმა ათეულობით მილიონი დოლარი გამოყო ჰუმანიტარული დახმარებისა და აღდგენითი ღონისძიებებისთვის.
  7. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფონდი 1996 წლიდან მუშაობს, მისი ძირითადი მიმართულებებია სისხლის სამართლის სისტემისა და ნარკოპოლიტიკის რეფორმების ხელშეწყობა, დემოკრატიული ჩართულობის გაძლიერება და ჰუმანური საიმიგრაციო კანონმდებლობის მხარდაჭერა. ამერიკის პროგრამები ფონდის მთლიანი საქმიანობის დაახლოებით 17%-ს შეადგენს.
  8. აღსანიშნავია, რომ ღია საზოგადოების ფონდები არაერთხელ ჩართულა სადავო საკითხებზე გამართულ ისეთ პოლიტიკურ დებატებში, რომელსაც სხვა ფონდები თავს არიდებენ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც საზოგადოებისგან თავს გარიყულად გრძნობენ თავიანთი იდენტობის გამო.
  9. აღსანიშნავია, რომ ღია საზოგადოების ფონდები არაერთხელ ჩართულა სადავო საკითხებზე გამართულ ისეთ პოლიტიკურ დებატებში, რომელსაც სხვა ფონდები თავს არიდებენ. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვთანამშრომლობთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც საზოგადოებისგან თავს გარიყულად გრძნობენ თავიანთი იდენტობის გამო.